
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე 3 კონკურსანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყება აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა რამიე სახის საშიშროება არ არსებობს.
ცესკოს განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კანდიდატთა კონკურსისთვის რეგისტრაციის პროცესი 5-9 სექტემბერს მიმდინარეობდა. 73 საარჩევნო ოლქის 3 657 უბანზე არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე საბუთები 25 000-ზე მეტმა მონაწილემ წარმოადგინა.
განცხადებების მიღება მიმდინარეობდა როგორც ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისე ელექტრონულად. უშუალოდ შენობაში საბუთების წარდგენისას მკაცრად იყო დაცული რეკომენდაციის სახით გაცემული ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა და ცესკოს დადგენილებით გაწერილი მოთხოვნები, მათ შორის თერმოსკრინინგი, დისტანცია, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენება და დეზობარიერები. ამასთან დადგენილებით ასევე მოთხოვნილია სამუშაო სივრცეების სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება და დღეში რამდენჯერმე ბუნებრივი ვენტილაცია, - წერია ცესკო-ს განცხადებაში.
ცესკოში ამბობენ, რომ ადგილზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საბუთების წარდგენის პერიოდი 15 წუთს არ აღემატებოდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. მარინა ეზუგბაიას თქმით, 158 ახალი შემთხვევიდან 87 არის აჭარა, 28 სამეგრელო, 19 იმერეთი, 6 გურია, 18 თბილისი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.