"შიდა საქმეებში ჩარევა", "ძალადობრივი აქცია" | კოსაჩოვისა და "ოცნების" იდენტური რიტორიკა ევროპელი მინისტრების აქციაზე მისვლაზე

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობა თბილისში, "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტში საქართველოს საქმეებში ჩარევაა - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი კონსტანტინ კოსაჩოვი.

მან ევროპელი მინისტრების ქმედება უკრაინის „მაიდანში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, ვიქტორია ნულანდის მონაწილეობას შეადარა და აქციებს "ძალადობრივი" უწოდა:

"ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები (ყველა ნატოდან), რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ოთხშაბათს თბილისში უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ უკანონო, ძალადობრივ აქციაში, კიდევ ერთი ვიქტორია ნულანდია თავისი ორცხობილებით კიევის მაიდანზე. მეთოდები იგივე რჩება - საცდელი სუბიექტების სუვერენიტეტის სრული ზიზღი და მათ საშინაო საქმეებში არაცერემონიული ჩარევა მთელი მსოფლიოს წინაშე“, - წერს ის.

ცნობისთვის, იგივე რიტორიკა აქვს "ქართულ ოცნებასაც". პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით გაღიზიანებული "ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, რომ უცხო ქვეყნების წარმომადგენლების აქციებზე მისვლა "ფარისევლობა" და "ძირის გამოთხრაა". მათი შეფასებითაც აქციები ძალადობრივია:

უცხოელი ოფიციალური პირების მიერ ამ პროტესტში მონაწილეობა, საქართველოს სუვერენიტეტისა და დიპლომატიური პრაქტიკის უგულებელყოფით და „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების“ სახელით, უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში - ქვეყნის აყირავების მცდელობა.

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა. ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ, ჩრდილოეთიდან,” - დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა X-ზე.

მერი კალაძე კი მინისტრების ამ ქმედებას "ქვეყნის მტრობად" აფასებს. 

შეგახსენებთ, გუშინ ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე, ანტირუსული აქციების მონაწილეებთან მივიდნენ და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. იგივე გააკეთეს ერთი დღით ადრე, 14 მაისს ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელებმაც.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი