"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხვდება, რომ რუსეთთან კავშირის გაწყვეტა ქვეყანას კრახამდე მიიყვანს" | პუტინის პროპაგანდისტი დუგინი

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხვდება, რომ რუსეთთან კავშირის გაწყვეტა ქვეყანას კრახამდე მიიყვანს", -  ამის შესახებ ტელეგრამის საკუთარ არხზე პუტინის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი წერს. ის გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლასაც ეხმაურება და "ქართული ოცნების" ლიდერების ანტიდასავლურ განცხადებებსაც იშველიებს:

"საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის ქვეყნები გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები გუშინ გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ. მათ თქვეს, რომ საქართველოს ევროპული გზა დაიკეტება და ქვეყანას ევროპელ ხალხთან გაერთიანებაში დახმარება სჭირდება. მმართველ პარტია "ქართულ ოცნებაში"ამბობენ, რომ გარე ძალები ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობას ცდილობენ, - წერს ის. 

დუგინი თბილისის მერის კახა კალაძის ანტიევროპულ განცხადებასაც ციტირებს და წერს, რომ კალაძის თქმით, "ეს არა მეგობრობა, არამედ მტრობა და ქვეყანაში პოლარიზაციის დანერგვის მცდელობაა".

"ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის გარე ძალები დიდი ხანია ცდილობენ საქართველოში ვითარების შერყევას, ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის რეაქციული ქმედებებისთვის მობილიზებას, იმ ხელისუფლების, რომელიც ლიბერალურ, დასავლეთურ და ანტისახალხო რეფორმებს ეწინააღმდეგება. 

ატლანტისტებს სურთ, რომ საქართველო მოლდოვისა და სომხეთის გზას დაადგეს, რომლებიც ევროინტეგრაციის გამო დასავლეთის ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ. მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხვდება, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია, რუსეთთან კავშირის გაწყვეტა და დასავლური ლიბერალური ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც ქართველებს რუსებისა და სხვა ხალხების წინააღმდეგ განაწყობს, ქვეყანას კრახამდე მიიყვანს. ოპოზიციის პროვოცირების მიზნით, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირი მნიშვნელობით ერევა ჯერ კიდევ თავისუფალი საქართველოს საქმეებში, - წერს დუგინი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი