"კანონის მიღება ასახავს "ქართული ოცნების" აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს" | 4 ივნისს, ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება. 

ჰელსინკის კომისიის შეფასებით, რუსული კანონის მიღება მმართველი პარტიის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს ასახავს. კომისიის თქმითვე, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მოსახლეობას, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მოსკოვისკენ მიათრევს და მზადაა დიდი ზიანი მიაყენოს ქვეყანას.

"რუსული სტილის "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება ასახავს "ქართული ოცნების" მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, დაახლოებას. 3 ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს. "ქართული ოცნების" მთავრობის ამ სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკვე ნათლად განაცხადეს, რომ ასეთი კანონმდებლობის ამოქმედება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ევროპარლამენტმა მიანიშნა, რომ გარკვეული პრივილეგიები, რომლითაც საქართველო სარგებლობს ევროკავშირთან, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს. შეერთებულ შტატებში კი კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ და მხარს დაუჭერენ ქართველი ხალხის უაღრეს და დიდი ხნის დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს. მათ შორის, პოტენციურად ინდივიდუალური სავიზო აკრძალვის, ფინანსური სანქციების, დახმარების პაკეტების გადახედვისა და სხვა ზომების მეშვეობით. ყველაფრის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მათი ნების საწინააღმდეგოდ მიათრევს პრო-დემოკრატიულ და პროდასავლურ მოსახლეობას მოსკოვისკენ და მზადაა დიდი ზიანი მიაყენოს ქვეყანას," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ფარგლებში, მოსმენაში მონაწილეობას "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და "ჩეთემ ჰაუსის" უფროსი მკვლევარი ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და "რენდის კორპორაციის" უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი მიიღებენ. ისინი საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტზე მისი გავლენისა და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ იმსჯელებენ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი