კონგრესმენი უილსონი ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო სანქციებს ამზადებს | The Hill-ის სტატია

გამოქვეყნდა:

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი ჯო უილსონი ამზადებს კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის წევრების მიმართ სავიზო შეზღუდვებსა და შესაძლო სანქციებს ითვალისწინებს. საქმე ეხება რუსეთისგან შთაგონებული კანონპროექტის მიღებას, რამაც აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდან დაგმობა გამოიწვია, - ამის შესახებ გამოცემა The Hill-ის სტატიაშია საუბარი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, კონგრესმენი ჯო უილსონის კანონპროექტს შეეხება.

გამოცემა წერს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" [რუსული] კანონი გასულ კვირას მიიღო და პირობა დადო, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევდა. აქვე აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო შაბათს დაადო. 

"საქართველოში ვითარება გულდასაწყვეტია. ქართველი ხალხი თავისუფლების განსახიერებაა. ისინი ამერიკელების შთაგონებას განაგრძობენ", - განუცხადა კონგრესმენმა გამოცემას. 

აქვე, გამოცემა წერს, რომ უილსონის კანონპროექტი მოუწოდებს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას, შეისწავლოს ქვეყანაში სანქციების თავიდან არიდებისა და რუსეთის დაზვერვის რესურსების შესახებ ინფორმაცია. 

გარდა ამისა, ის მოითხოვს სანქციების დაწესებას მათთვის, ვიზეც დადგინდება, რომ მთავრობის სახელით ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ. 

"სამწუხაროდ, პრორუსული ["ქართული ოცნების"] მთავრობა ეწინააღმდეგება პატრიოტ ქართველებს, რომლებიც კრემლის ბნელ წლებში დაბრუნებაზე უარს ამბობენ. თავისუფლებისმოყვარე ქართველების რეპრესიები უნდა შეწყდეს. აშშ მტკიცედ დგას დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დაბრუნების მოწოდებაში", - წერია სტატიაში.

სტატიაში წერია, რომ კანონპროექტი, რუსული კანონის გაწვევის შემთხვევაში, საქართველოს ბენეფიტებს სთავაზობს. ეს ითვალისწინებს აშშ-ის მიერ საქართველოსთან სავაჭრო კავშირების გაღრმავებას; ასევე, აშშ-ში სამოგზაუროდ და სასწავლებლად წასვლის შესაძლებლობა უფრო მეტ ქართველს მიეცემა; სხვა შეღავათებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური დახმარების გაზრდაც. ასევე, ჯო უილსონის კანონპროექტი მოუწოდებს პრეზიდენტ ბაიდენს, გააძლიეროს ქართული ჯარის მხარდაჭერა, წვრთნა და აღჭურვა. 

ცნობისთვის, ჯო უილსონი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, 4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ის კონგრესში მოსმენაც გაიმართება. 

მანამდე, მსგავსი შინაარსის სტატია 18 მაისს გამოცემა The Wall Street Journal-მაც გამოაქვეყნა: კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი