ირანის პრეზიდენტის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი - მოჰამად მოხბერი შეასრულებს. ინფორმაცია ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დაადასტურა. ირანს არაერთი ქვეყნის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა, მათ შორის ოკუპანტი რუსეთის ლიდერმა პუტინმა, ასევე, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და სხვებმა.
ახალი საპრეზიდენტო არჩევნები მაქსიმუმ 50 დღეში უნდა ჩატარდეს. ქვეყანა ხუთდღიან გლოვას აცხადებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ შვიდი პირი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება, რომ უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნდებოდნენ კაშხლის გახსნის ცერემონიიდან, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა და ნისლი იყო.
რაისი, რომელიც 63 წლის იყო, პრეზიდენტი 2021 წელს გახდა, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად კონკურენტული არჩევნების შემდეგ.