ირაკლი კობახიძე "ჰეზბოლას", "ჰამასისა" და "თალიბანის" ლიდერებთან ერთად - საქართველოს პრემიერმინისტრი ირანის პრეზიდენტის სამგლოვიარო ცერემონიაში ქვეყნისა და დასავლური სამყაროს ფაქტობრივად ყველა მტერთან ან მოწინააღმდეგესთან ერთად მონაწილეობდა. სულ რამდენიმე საათის წინ საქართველოს მთავრობის მეთაური იმყოფებოდა თეირანში, სადაც პატივი მიაგო იბრაჰიმ რაისის ხსოვნას რუსეთის დუმის თავმჯდომარესა და "თალიბანის" მთავრობის ვიცე-პრემიერთან, "ჰესბოლას" მეთაურის მოადგილესთან და "ჰამასის" თავმჯდომარესთან ერთად.
ფაქტი, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა გადაწყვიტა გამგზავრებულიყო ირანის ლიდერის სამგლოვიარო ცერემონიაზე, ღიად პოლიტიკური განაცხადია. უკვე დადასტურებულად ცნობილია, რომ არცერთი დასავლელი ლიდერი თეირანში არ ჩავა. ირაკლი კობახიძე კი საკუთარი ინიციატივით ჩავიდა რუსეთის მთავარ მოკავშირედ დასახელებულ და "ჰეზბოლას" მთავარ მოკავშირედ ცნობილ ქვეყანაში, სადაც ტრაგიკულად დაღუპულ პრეზიდენტს ემშვიდობებიან შეძახილებით - სიკვდილი ამერიკას.
ავტორი: ზურა პეტროსიანი