"კარგია, რომ საქართველოში საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები გამოჩნდნენ" | მოსკოვში "ოცნების" ლიდერებს ისევ აქებენ

გამოქვეყნდა:

მოსკოვი "ქართულ ოცნებას" ისევ აქებს - საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განცხადებები და რიტორიკა ისევ მხოლოდ და მხოლოდ კრემლის აპლოდისმენტებს იმსახურებს. ირაკლი კობახიძის შეთქმულების თეორიამ, შეერთებულ შტატებსა და დასავლეთზე უპრეცედენტო თავდასხმებმა და მათ მიმართ ბრალდებებმა რუსული პროპაგანდისტული მედიისა და რუსი პოლიტიკოსების აღტაცება გამოიწვია.

პრემიერის განცხადებებს იწონებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით რუსულ პროპაგანდას იმეორებს. 

"ვეთანხმები საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ არის მხოლოდ საბაბი რუსეთთან მეორე ფრონტის გასახსნელად. ეს გამოვლინდა 2022 წლის დასაწყისიდან, როცა დასავლეთი ღიად გადავიდა რუსეთის წინააღმდეგ მასირებულ შეტევაზე - ჩვენი ქვეყნის მაქსიმალურად დასასუსტებლად. საკმაოდ საფუძვლიანი განცხადებაა პრემიერისა იმაზე, რომ ეს ინტერესი არსად წასულა. გასაგებია, რომ აქ საუბარია რუსეთის პოზიციებზე მორიგ თავდასხმაზე. რაც შეეხება თავად საქართველოს ბედს, ეს დასავლური საზოგადოების განსაკუთრებული თამაშია", - ამტკიცებს კარასინი.

რუსი სენატორი ოკუპირებული ყირიმიდან, სერგეი ცეკოვი კი "ოცნების" გენერალურ მდივანს, კახი კალაძეს აქებს. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის წევ­რი ამბობს, რომ საქართველოში "საღად მოაზროვნე" პოლიტიკოსები გამოჩნდნენ.

"ძალიან გონივრული, სწორი განცხადებაა. კარგია, რომ საქართველოში საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები გამოჩნდნენ. აბსოლუტურად ობიექტური დამოკიდებულებაა იმ მოვლენებისადმი, რაც საქართველოში ხდება, საქართველოში ამერიკისა და ევროკავშირის დამოკიდებულების მიმართ. ეს საქართველოს ნამდვილი პატრიოტისა და რეალისტი პოლიტიკოსის განცხადებაა. კალაძეს გამორჩეულად პროქართული პოზიცია აქვს, როგორც ორბანს პროუნგრული, ფიცოს - პროსლოვაკური, ერდოღანს - პროთურქული. ისინი არიან პოლიტიკოსები, რომლებიც შეერთებული შტატების მითითებით არ მოქმედებენ. ვფიქრობ, უკრაინის მაგალითმა უნდა დაასრულოს ბევრი ქვეყანა, რომ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესების ერთგულნი უნდა იყვნენ", - ამბობს ცეკოვი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი