პროკურორის ცნობით, ბრალდებულმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, უკრძალავდა ტელეფონით სარგებლობას და სახლში კეტავდა | რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმე

გამოქვეყნდა:

რუსთავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - პროკურორის ცნობით, ბრალდებულმა ფირაშვილმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც. კერძოდ, ფირაშვილი მარიამ სოფრომაძეს კუთვნილი მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა, სახლში კეტავდა და ოჯახის წევრების ნახვის უფლებას არ აძლევდა. ქეთევან სონიძის ცნობით, ძალადობაზე ინფორმირებული იყო როგორც ბრალდებულის, ასევე, მოკლულის ოჯახის წევრებიც, თუმცა სამართალდამცავი უწყებისთვის არავის მიუმართავს. 

რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლე მადონა მაისურაძე პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას დაეთანხმა ბრალდებულის ადვოკატიც. ლევან ძოწენიძის ცნობით, ისინი დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვენ. სასამართლოს დღევანდელ სხდომას  22 მაისს მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მკვლელობა 22 მაისს მოხდა. ახალგაზრდა კაცმა ცოლს და სიდედრს მაშინ ესროლა, როცა ისინი ბავშვთან ერთად, ეტლით გადაადგილდებოდნენ. ორივე ქალი ადგილზე დაიღუპა. ბავშვს დაზიანებები არ მიუღია.

როგორც ირკვევა, ბრალდებულს იარაღი საკუთარ სახელზე ჰქონდა რეგისტრირებული.

ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და ამავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარუდგინა. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი