ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს, საქართველო ევროპულ გზას ვერ გააგრძელებს. მისივე თქმით, შესაძლებელია გაუქმდეს კანდიდატის სტატუსიც.
"დღეს იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საჯარო განხილვა. ვფიქრობ, ამჟამინდელი მოვლენები აისახება და იმედი მაქვს, რომ იქნება მკაფიო სიგნალი ბრიუსელიდან, რომ თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველო ევროპულ გზას ვერ გააგრძელებს. ეს ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მიენიჭა გარკვეული პირობით, გაუქმდება. პოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია," - თქვა ლანდსბერგისმა.
"მთავარი არხი" ესაუბრა "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს, რომელიც გვიყვება რა ბერკეტებს გამოიყენებს ევროკავშირი იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ბოლო შანს არ გამოიყენებს და რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. იქნება მსჯელობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების და ევროკავშირის სახსრების გაყინვის, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაბლოკვის შესახებ. მინისტრები იმსჯელებენ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებითაც. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს არ მიიღებენ. ისინი ივნისში ისევ შეიკრიბებიან და დიდ მსჯელობას გამართავენ. იმ დროისთვის, თუ აგენტების შესახებ კანონი ძალაში იქნება შესული, შედეგებზე იმსჯელებენ და შეჯერდებიან საერთო გადაწყვეტილებაზე," - ამბობს იოზვიაკი.
ცნობისთვის, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხება. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც "ოცნებამ" რუსული კანონი მიიღო.
ავტორი: დავით კობიძე