საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი. მან ევროპული საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს საქართველოს მოსახლეობის დიდ ოცნებას - ევროკავშირში გაწევრიანებას, ბლოკავს რუსული კანონით.
მისი თქმით, ევროპულ გზაზე დადგომა შეიძლება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობას სურს ამ გზაზე ყოფნა, არამედ ამისთვის საჭიროა მთავრობაც. ბერბოკის კომენტარის თარგმანს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
"ჩემთვის წარმოუდგენლად მტკივნეულია, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს საკუთარი ხალხის ამ დიდ ოცნებას, და უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდების ოცნებას, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. ბლოკავს იმ კანონით, რომელზეც ევროპულმა საბჭომ თქვა, რომ ამ კანონით ეს შეუძლებელია და ის ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება.
ასეთი ქმედებებით, საქართველოს მთავრობა ეწინააღმდეგება საკუთარ მოსახლეობას, რომელიც, როგორც ვხედავთ, ისევ და ისევ გამოდის ქუჩებში. ამ გზით მთავრობა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, დავუდასტურეთ ქართველებს მათი ევროპული პერსპექტივა და შესაბამისად, ხელი გავუწოდეთ. მაგრამ, ცხადია, რომ ევროპულ გზაზე დადგომა შეიძლება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობას სურს ამ გზაზე ყოფნა, არამედ ამისთვის საჭიროა მთავრობაც. ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ამ კანონის ხელმოწერა, ისიც რომ ხალხი, რომელიც ქუჩებშია გამოსული მკაფიოდ ამბობს, რომ ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული, რასაც ამბობს ევროპული საბჭოც, ხაზს უსვამს, რომ ყველა აქტორს სურს, გააკეთონ ყველაფერი იმის მისაღწევად, რომ საქართველოს შეეძლოს ევროპული გზით სიარული, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ევროპული გზით სიარული, რადგანაც სხვა შემთხვევაში კმაყოფილი მხოლოდ პუტინი იქნება", - თქვა ბერბოკმა.