გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ქალაქ შტუტგარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გამართეს. საქართველოს მოქალაქეებმა "ქართულ ოცნებას" მოუწოდეს, რომ არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და უკან გაიწვიოს ანტიევროპული კანონი.
"აქ ვდგავართ საქართველოს თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ რუსეთს დავნებდეთ...არა რუსულ კანონს!" - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ემიგრანტები ერთი მოთხოვნის გარშემო გაერთიანდნენ იტალიაშიც - მილანში, დუომოს მოედანზე, მათ აქცია საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გამართეს. "არა რუსულ კანონს!," "არა რუსულ რეჟიმს!" - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართა საფრანგეთშიც - ქვეყნიდან წასული საქართველოს მოქალაქეები უარს ამბობენ რუსეთზე და ყველაფერ რუსულზე. "ოცნების" ხელისუფლებას კი მოუწოდებენ, რომ შექმნან ისეთი ქვეყანა, სადაც დაბრუნებას შეძლებენ.