საერთაშორისო კრიტიკა იზრდება ისრაელის მიერ რაფაჰზე დარტყმის გამო | ნეთანიაჰუს თქმით, "ტრაგიკული შეცდომა" მოხდა

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო კრიტიკა იზრდება რაფაჰში, პალესტინელი დევნილების ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის გამო, რომლის დროსაც სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

CNN-ის მიერ მოპოვებულმა კადრებმა აჩვენა, რომ ბანაკი, სადაც უამრავი ქალი, ბავშვი და კაცი იყო ცეცხლის ალში მოექცა. დამწვარი ცხედრები, მათ შორის ბავშვების, ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს. 

ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დარტყმას უწოდა "ტრაგიული შეცდომა" და თქვა, რომ ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს. 

რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ორშაბათს ერთობლივი წერილით მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს აღასრულოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) გადაწყვეტილება, რომ ისრაელმა "დაუყოვნებლივ შეაჩეროს" სამხედრო შეტევა რაფაჰში.

გაეროს ხელმძღვანელმა, ანტონიო გუტერეშმა თქვა, რომ "ღაზაში არ არსებობს უსაფრთხო ადგილი. ეს საშინელება უნდა შეწყდეს". მისივე ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს სამშაბათს დარტყმის განსახილველად.

მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი - მისი თქმით, აღშფოთებულია თავდასხმებით და გააჟღერა მოწოდება ცეცხლის შეწყვეტაზე. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა - "დამწვარი სხეულების ფოტოები, მათ შორის ბავშვების, რაფაჰში ავიაიერიშის შედეგად აუტანელია".

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეასრულოს ICJ გადაწყვეტილება.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავდასხმას "ხოცვა" უწოდა და თქვა, რომ მისი ქვეყანა "ყველაფერს გააკეთებს" ისრაელის ოფიციალური პირების პასუხისმგებლობისთვის.

კატარმა, რომელიც შუამავალია მხარეებს შორის განაცხადა, რომ დარტყმამ შესაძლოა შეაფერხოს მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც მძევლების გათავისუფლება და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაა. საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ თავდასხმა არის საერთაშორისო კანონების სერიოზული დარღვევა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი