"ლუკაშენკომაც სწორედ ასეთი შეზღუდვებით დაიწყო... ავტორიტარიზმს წინააღმდეგობა საწყის ეტაპზე უნდა გაუწიო", - ასე აფასებს ოპოზიციონერი ბელარუსი პოლიტიკოსის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მთავარი მრჩეველი ფრანაკ ვიაჩორკა საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის მიღებას. ამის შესახებ მან "მთავარ არხთან" ისაუბრა.
"ეს ძალიან ცუდი სიგნალია, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას სურს მეტი შეზღუდვა დაუწესოს ხალხს და უფრო მეტად აკონტროლოს საზოგადოება, რა თქმა უნდა, ის არ უწყობს ხელს საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ლუკაშენკომაც სწორედ ასეთი შეზღუდვებით დაიწყო, მან შეზღუდვები დაუწესა მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა. შემდეგ პარლამენტი დაითხოვა და ისიც მთლიანად დაიმორჩილა.
რეჟიმმა ათასობით ადამიანი დააპატიმრა, ყოველდღიურად 15-20ადამიანს იჭერენ და ციხეში სვამენ, რა თქმა უნდა, ასეთი ტერორის პირობებში შეუძლებელია პროტესტის ორგანიზება, ასე რომ, ავტორიტარიზმს წინააღმდეგობა საწყის სტადიებზე უნდა გაუწიო, იმიტომ რომ რაც უფრო დიდხანს ცხოვრობ ავტორიტარულ ქვეყანაში, მით უფრო რთულია შემდეგ დემოკრატიის დაბრუნება. ყველა ერმა უნდა იბრძოლოს თავისუფლებისთვის და ბელარუსებიც იბრძოლებენ, მე ასე მჯერა.
ქართველებიც იბრძოლებენ და მიაღწევენ იმ შედეგს, რომელსაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ. ქართველებმა ბევრი გამოიარეს, ბევრი ტოტალიტარი მმართველი ჰყავდათ, მაგრამ ეს თავისუფლების მოყვარული ხალხია და ისინი აუცილებლად იბრძოლებენ ქუჩაში. მე მჯერა თქვენი და დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებთ,"- ამბობს ვიაჩორკა.