პარლამენტის ვიცე სპიკერის, ნინო წილოსანის მამას და კიდევ რამდენიმე პირს პროკურატურა 65 მლნ ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა. საუბარია 2013 წელს დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ერთ-ერთი ფიგურანტი ბადრი წილოსანი იყო. გამოძიება მაშინ ამტკიცებდა, რომ "ვაგონ შემკეთებელი" ქარხნის დამფუძნებელმა წილოსანმა თანამოაზრეებთან ერთად, სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი მილიონობით ლარი მიითვისა. გამოძიების დაწყებისთანავე სამართალდამცავებმა ბადრი წილოსანი დააკავეს. მასთან ერთად რამდენიმედღიან პატიმრობაში იყვნენ "ოცნების" დეპუტატის ყოფილი ქმარი და რკინიგზის თანამშრომლები.
ბრალდებულები სიმართლის დამტკიცებას 11 წელია ცდილობენ, დეპუტატის მამაც და სხვებიც პირველმა ინსტანციამ გაამართლა, თუმცა პროკურატურა ისევ ამტკიცებს, რომ საქართველოს რკინიგზის მაშინდელმა თანამშრომლებმა და ვაგონშემკეთებელი კომპანიის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ბადრი წილოსანმა, ოფიციალური დოკუმენტები გააყალბეს და ვაგონების გასარემონტებლად თანხა ხელოვნურად გაზარდეს, რის გამოც ბიუჯეტს 65 მილიონი ლარის ზარალი მიადგა. სახელმწიფო ბრალდება ამ პოზიციის დაცვას ახლა სააპელაციო სასამართლოში ცდილობს.
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე უპრეცედენტო იმითაა, რომ 2013 წელს დაწყებული გამოძიება ამ დრომდე დასრულებული არაა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები 10 წლის წინ ბრალდებულების გამართლებით დასრულდა, სააპელაციო სასამართლოში კი განხილვა ჭიანურდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბადრი წილოსანისა და სხვების საქმე მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დაახლოებულ ბესიკ ბუგიანიშვილს აწერია. მისი თავმჯდომარეობით ბოლო წლებში არაერთი სხდომა ჩატარდა, თუმცა მოსამართლე ბუგიანიშვილი განაჩენის მისაღებად ჯერ ისევ არ გასულა.
65 მილიონის მოპარვის საქმეზე ერთ-ერთი ბოლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში 2 თვის წინ გაიმართა. სხდომაზე მოწმეები გამოკითხეს, თუმცა პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. იურისტების თქმით, საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება, რაც უფლებადამცველებს დამატებით ეჭვებს უჩენს.
სად წავიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მითვისებული 65 მილიონი ლარი? ადამიანებს რომლებსაც ამ საქმეზე ბრალი ჰქონდათ წარდგენილი ამ ეტაპზე გამართლებულები არიან. თუმცა კორუფციაზე მომუშავე ადამიანები დარწმუნებულები არიან ამ საქმეს ხელისუფლება ვიცე სპიკერზე ზემოქმედებისთვის იყენებს.
ნინო წილოსანის ოჯახის წევრების ბედი ახლა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ხელშია. უცნობია როდის და რა შედეგით დასრულდება სასამართლო განხილვები. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა განზრახვა აქვს ქვეყნის არაფორმალურ მმართველს. საქმეზე, რომელიც 10 წელზე მეტია პროკურატურის პრიორიტეტი არ არის, მაშინ დასრულდება, როცა ამის პოლიტიკური ნება იქნება.