რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მშვიდობიან მომიტინგეებზე მოძალადე არცერთი პოლიციელი ამ დრომდე არ დასჯილა.
უფლებადამცველებისა და იურისტების განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ და ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, გამოძიება გამოკითხვასა და ექსპერტიზას არ გაცდენილა. მათი თქმით, პოლიციელები ჯერ კიდევ დაუსჯელები სახელმწიფოს ნების გამო რჩებიან. გამოძიება კი ამტკიცებს, რომ ისინი ნიღბების გამო მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირებას ვერ ახერხებენ.
ადვოკატების თქმით, პირველ რიგში, პასუხისმგებლობის აღსრულება ბრძანების გამცემლებისგან უნდა დაიწყოს და შემდეგ უკვე გამოძიება მარტივად შეძლებს დავალებების შემსრულებლებამდე მისვლას.