ისრაელმა დაადასტურა, რომ დაღუპულია კიდევ 4 მძევალი

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს ღაზის სექტორში, "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი კიდევ 4 მძევლის სიკვდილს. უწყება ამბობს, რომ ხაიმ პერის, იორამ მეცგერის, ამირამ კუპერისა და ნადავ პოპლევერის ოჯახებს აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობეს. 

"ჰამასის" ტყვეობაში მათი დაღუპვის გარემოებები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, იუწყება IDF, რომელიც ამბობს, რომ ის იყენებს "მრავალფეროვან მეთოდებს ღაზას სექტორში დარჩენილი მძევლების შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად".

IDF-ის მთავარმა სპიკერმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ მძევლები რამდენიმე თვის წინ მოკლეს და მათი ცხედრები ჯერ კიდევ "ჰამასის" ხელშია. IDF-ის განცხადებით, ოთხი მძევლის დაღუპვის შესახებ ცნობის ოფიციალურად დადასტურება ეფუძნება დაზვერვის მონაცემებს და ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა კომიტეტის დასკვნას. 

7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის დროს 250-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანეს და გადაიყვანეს ღაზის სექტორში. მათი ნაწილი, 100-ზე მეტი ადამიანი, დროებითი ზავის დროს გათავისუფლდა. ისრაელის პრემიერის ოფისი მიიჩნევს, რომ ღაზის სექტორში ჯერ კიდევ რჩება 124 მძევალი, მათგან 4 შვიდ ოქტომბრამდე აიყვანეს, 120 პირიდან, რომელიც მძევლად 7 ოქტომბერს აიყვანეს, ისრაელი მიიჩნევს, რომ 41 დაღუპულია. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ 36 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელზე იზრდება ზეწოლა, რომ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას, რომელიც გასულ კვირას ამერიკამ გამოაქვეყნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი