
შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დამოუკიდებლად შეისწავლეს ალექსეი ნავალნის საკითხი და მისი ნოვიჩოკით მოწამვლა დაადასტურეს.
გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ თქვა, რომ ნიმუშები გადაეგზვნა ქიმიური იარაღის პრევენციის ორგანიზაციას ჰააგაში და ისინი ტესტის პასუხებს უახლოეს დღეებში გაასაჯაროვებენ.
რუსეთი ისევ უარყოფს ნავალნის მოწამვლას და კვლავ გამორიცხავს რუსეთის მთავრობის მოანაწილეობას ამ საქმეში
შეგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობამ ალექსეი ნავალნის ნოვიჩკის ნერვული აგენტით მოწამვლა 2 სექტემბერს დაადასტურა.
მალევე, მსოფლიოს წამყვანმა ლიდერებმა რუსეთის მთავრობას ახსნა-განმარტება მოსთხოვეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქმის გამოძიებისაკენ მოუწოდეს.
ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს.
ნავალნის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მისი ცუდად გახდომის დღიდან ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიციონერი პუტინის დაკვეთითაა მოწამლული. თავის მხრივ კრემლი უარყოფს ამ ბრალდებას.
ცნობისთვის, ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა.
ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამვლა პირველი შემთხვევა არაა. 2018 წლის მარტს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკრიპალის სოლსბერიში მოსაწამლად სწორედ ნოვიჩოკი გამოიყენეს.