აშშ-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა - ამის შესახებ სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, სახდეპის მიერ გამოცხადებული სანქციები "ოცნების" დეპუტატებს, მათ ოჯახის წევრებს და პოლიციელებს შეეხება. 

"სანქციები მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან და მათი ოჯახის წევრებს, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვა, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება საქართველოს ხელისუფლების მიერ.

იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს თავიანთი ქვეყნის დიდი ხნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები მზად არის განახორციელოს დამატებითი ქმედებები...

ეს არის სანქციების პირველი ტრანში. ჩვენ, როგორც წესი, ხალხს არ ვაცნობებთ საჯაროდ, მაგრამ ისინი (სანქცირებულები) იგებენ, შეძლებენ თუ არა შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას...

კონკრეტულ სახელებს ვერ დაგისახელებთ. ეს ახლა არ არის სწორი შეკითხვა, მაგრამ შეგახსენებთ ყველას, რომ სავიზო ჩანაწერები კანონის თანახმად კონფიდენციალურია, ამიტომ ვერ გეტყვით რაიმე კონკრეტულს. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გადავხედეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ დეზინფორმაციის გავრცელებაში და რომლებმაც დემოკრატიის შელახვის მიზნით განახორციელეს ძალადობრივი თავდასხმები მშვიდობიანი მომიტინგეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დასაშინებლად. როგორც უკვე ვთქვი, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ჩვენი მოქმედებების სერიაში, - განაცხადა მილერმა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი