"მოვუწოდებთ "ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით," - ამის შესახებ აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. შესაბამის განცხადებას და ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
"შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში რეგიონის მთელი მოსახლეობის საკეთილდღეოდ," - წერია განცხადებაში.