ადგილი, სადაც სავარაუდოდ თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა, საგამოძიებო უწყებების წარმოამდგენლებმა ყვითელი ლენტით მხოლოდ დღეს საღამოს შეღობეს. საკალმახე "ვილა ალგეთში" პროკურატურის თანამშრომლები 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატებთან ერთად მივიდნენ.
კარგი ადგილია შავბნელი საქმეებისთვის - ეს შთაბეჭდილება თამარ ბაჩალიაშვილის დედას "საკალმახე ალგეთის" დათვალიერების შემდეგ დარჩა. თეონა თამაზაშვილი საეჭვო გარემოებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ადგილზე არც კამერებია და გზა მაწევნამდეც ტყეზე გადის. ოჯახის ინფორმაციით, ამ ტერიტორიას "შავი ყვავის" სახელით იხსენიებენ.
ამ ტერიტორიიდან წამოღებული მტკიცებულების შესწავლა გამოძიებამ უკვე დაიწყო. მიხეილ რამიშვილის ავტომობილში ექსპერტიზა ჩაუიტარდა ერთ-ერთი წნევის დამწევი პრეპარატის ანოტაციას. ადვოკატები და ოჯახი ეჭვობენ, რომ ოთხი წლის წინ დახურულ საკალმახეში წნევის პრეპარატების თანმხლები ფურცელი შემთხვევით არ მოხვედრილა. ფურცელი მტკიცებულებად მიიღო პროკურატურამაც.
საქმეში მეორედ ჩნდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის სახელი და გვარი. ჟურნალისტ ელისო კილაძის მტკიცებით, "ალგეთის ვილასთან", რომლის ოფიციალური მეპატრონე ქართულ "ოცნებასთან" დაახლოებული პირი, გიორგი ღარიბაშვილია, ინტერესები აქვს გურამ მაჭარაშვილსაც და ეს შენობაც "ქართუ ბანკში" იპოთეკითაა დატვირთული.
მაჭარაშვილის სახელი და გვარი საქმეში პირველად ორი კვირის წინ გაჩნდა. მაშინ ის თეონა თამაზაშვილმა დაასახელა და უკავშირდება ახალგაზრდა მამაკაცის ისტორიას, რომელიც ოჯახს თავად გაეცნო, რათა ინფორმაციების გავრცელებაში დახმარებოდა.
თავად მაჭარაშვილი ალგეთის ვილასთან კავშირსა და ღარიბაშვილთან ნაცნობობას უარყოფს.
"საკალმახე ალგეთი", რომელიც ოთხი წლის დახურულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტრაგედიის ადგილიდან 300 მეტრში მდებარეობს. ახლა ადვოკატები ამ ტერიტორიაზე დნმ-ის ნიმუშების ამოღებას ითხოვენ და არ გამორიცხავენ, რომ მტკიცებულებების გაქრობა უკვე დაწყებულია. პარალელურად ოჯახს აქვს ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარს დეა კაპანაძეს ქვეყნის დატოვება სურს და მის სახლთან საპატრულო პოლიციას პატრულირებს.
შეცვლის თუ არა საკალმახე ალგეთის აღმოჩენა საქმეზე მიმდინარე გამოძიების შინაარს, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პროკურატურა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს დაასრულებს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ამ ტერიტორიის შესახებ პროკურატურას ინფორმაცია ბევრად ადრე ჰქონდა და იქ კვალის წაშლა დიდი ხნის დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.