ევროპარლამენტში ვერ მოხვდა "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერი პოლიტიკოსი მიკ ვოლასი. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მანდატი დაკარგა კიდევ ერთმა ირლანდიელმა - კლერ დეილიმ.
ვოლასი და დეილი წინა ევროპარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფთან, მემარცხენეები ევროპარლამენტში (The Left group in the European Parliament – GUE/NGL) ერთიანდებოდნენ, სადაც სოციალისტური, კომუნისტური და ევროსკეპტიკური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური პარტიები შედიან. ევროკავშირში ამ ორ პოლიტიკოსს პრორუსულად განწყობილებად მიიჩნევდნენ.
"ოცნებისადმი" ამ ევროპარლამენტარების ლოიალური პოზიცია რუსული კანონის გამო საერთაშორისო კრიტიკის დროსაც გამოჩნდა. მაგალითად, მიკ ვოლასმა პირდაპირ გაიმეორა ხელისუფლების ნარატივი, რომ კანონი სხვა ქვეყნებს მიღებული აქვთ და "ის, რომ ამ კანონის დაგმობა მოხდა ევროკავშირის და სხვების მხრიდან, ვისაც ან მიღებული აქვს, ან სიხარულით მიიღებდა ანალოგიურ ზომებს, არის უკიდურესი ფარისევლობა". [პირველი არხის თარგმანი]. კლერ დეილიმ კი ევროკავშირის მიდგომები გააკრიტიკა, რომ თითქოს ის "ერევა" სხვა ქვეყნის საქმეში.