პრორუსული პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ პუტინს ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების თხოვნით მიმართავს. რუსეთის პრეზიდენტისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში მონაწილეობს პარტიის საერთაშორისო მდივანი - მამუკა ფიფია, რომელიც დეპუტატ სერგეი გავრილოვის უახლოესი გარემოცვის წევრია და რომელიც თავის დროზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს ლობირებდა. ფიფიას მიმართვა პროპაგანდისტულ "სპუტნიკზე" დაყრდნობით არაერთმა რუსულმა სააგენტომ გაავრცელა.
ფიფია მიმართვაში ანტიდასავლურ გზავნილებს აჟღერებს და ამბობს, რომ ამნისტია უნდა გამოცხადდეს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც სავიზო რეჟიმის შემსუბუქებამდე რუსეთში დარჩენის წესები დაარღვიეს.
"დასავლეთს საბოლოოდ სურს დაიმორჩილოს ჩვენი ხალხი და არ დაუშვას მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგი. მიუხედავად დიდი ზეწოლისა საქართველო არ მიუერთდა ანტირუსულ კოალიციას. ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ქართული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა შეინარჩუნოს მეზობელთან მშვიდობისა და კეთილმეზობლობის საგარეო პოლიტიკა. დასავლეთი ღიად ემზადება დესტაბილიზაციისა და მორიგი ფერადი გადატრიალებისთვის. მოგმართავთ თქვენ, პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, სრულად გააუქმოთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, მოხდეს საქართველოს იმ მოქალაქეების ამნისტირება, რომლებმაც სავიზო რეჟიმის შერბილებამდე იძულებით დაარღვიეს რუსეთში კანონიერად ყოფნის ვადა და ფედერაციის ტერიტორიაზე ახლა არალეგალურად იმყოფებიან, გამარტივდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის შრომითი მოწყობის საკითხები და დადგინდეს მათთვის კვოტები", - ამბობს ფიფია მიმართვაში.
ფიფიას მტკიცებით, ეს ზომები ქვეყნების შემდგომ დაახლოებას შეუწყობს ხელს და სწრაფად შექმნის საფუძველს "კეთილმეზობლური და დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად".
ცნობილია ისიც, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ დეპუტატი ფრიდონ ინჯია მოსკოვში გაემგზავრა და მამუკა ფიფიას შეხვდა.
იხილეთ ასევე: