ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ მისი ქვეყანა სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რუსეთის მთავრობას, არმიას და ხალხს. ეს განცხადება მან ფხენიანში რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ვიზიტის დროს გააკეთა.
ორი ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს პირობას, რომ შეჭრის შემთხვევაში ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან.
კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა ახლა უფრო მჭიდროა ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს. ის დაჰპირდა "სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას რუსეთის მთავრობას, არმიას და ხალხს უკრაინაში სპეცოპერაციის განხორციელებისას სუვერენიტეტის, უსაფრთხოების ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად". რუსეთის უკრაინაში ომს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.
კიმ ჩენ ინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვთან ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩრდილოეთ კორეა უყოყმანოდ უპასუხებს "ინციდენტებსა თუ ომებს", რომელსაც აწყდება მისი ქვეყანა ან რუსეთი. მან არ დააკონკრეტა რას მოჰყვება ეს პასუხი, ან რას მიიჩნევს ინციდენტად ან ომად.
მისივე მტკიცებით, ახალი ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის არის "სრულიად მშვიდობიანი და თავდაცვითი".