21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანის ადვოკატი უარყოფს, რომ დანაშაული გენდერული ნიშნითაა ჩადენილი და მიუხედავად იმისა, რომ გოგონას სხეულზე 50-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ამტკიცებს, რომ "ორივე ნარკოტიკების მოხმარების შედეგადაა დაღუპული".
"გენდერის ნიშნით არ არის, არ დგინდება. ნარკოტიკების მოხმარების შედეგად არიან ორივე დაღუპული, ნარკოტიკების შედეგად არის ეს უბედურება" - ამბობს ჟურნალისტებთან ბრალდებულის ადვოკატი, კლარა შუკვანი.
ცინდელიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. გამოიკითხნენ მოკლულის მშობლებიც.
სასამართლო სხდომა კი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლემ ცინდელიანის ერთ-ერთ ადვოკატს წესრიგის დარღვევისთვის, ჯარიმაც გამოუწერა.
ადვოკატმა ცინდელიანისა და ქეთი ჯავახიშვილის პირადი მიმოწერის საჯაროდ წაკითხვაც მოითხოვა სხდომათა დარბაზში, თუმცა მოსამართლემ მას ამის უფლება არ მისცა, თუმცა ადვოკატმა მაინც გაასაჯაროვა რამდენიმე ინტიმური დეტალი.
ბრალდების მხარის განცხადებით, ადვოკატები მთელი პროცესის განმავლობაში, შვილმკვდარი მშობლების დისკრედიტაციას ცდილობდნენ:
"ბრალდებული სისტემატურად ძალადობდა გარდაცვლილზე. დადასტურდა ის, რომ ბრალდებულისთვის ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და შესაბამისად, მათ მიაწოდეს სასამართლოს ის ინფორმაცია, რომელიც იციან გარშემო მყოფი პირებისგან. ვუსმენდი დაცვის მხარის შეკითხვებს და გულწრფელად ვამბობ, რომ ვერ გავიგე რა უნდათ. კითხვები, რომელიც მიმართული იყო დაზარალებულისკენ, გარდაცვლილის დედისკენ, გარდაცვლილის მამისკენ, იყო მხოლოდ ერთი გარემოების მაფიქრებელი - როგორმე დისკრედიტაცია მოეხდინათ გარდაცვლილის მშობლების" ამბობს საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე.
შეგახსენებთ, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ბრალდებული ოთარ ცინდელიანია, რომელსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დანიშნულმა ექსპერტიზამ არ დაადასტურა ცინდელიანის შეურაცხადობა.