მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განმარტოს განზრახვები, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას | EU-ს ლიდერები

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. განცხადებაში რუსული კანონის მიღება შეფასებულია, როგორც უკუსვლა კომისიის მიერ კანდიდატის სტუტუსთან დაკაშირებულ რეკომენდაციებთან მიმართებაში.

"კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უკუსვლას.

ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განმარტონ თავიანთი განზრახვები, არსებული მოქმედების კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭო მოუწოდებს შეწყდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის აქტები. 

ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და წაახალისოს პარტნიორების მიერ არჩევნების გრძელვადიანი და მოკლევადიანი დაკვირვება.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და იმეორებს მზადყოფნას განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი