"საქართველოს ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა მოიგო სესამართლოში დავა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 ივლისის გადაწყვეტილებით, ეროვნული მუზეუმის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 6 000 ლარის ანაზღაურება.
"საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, „საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა“, დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა, მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა, თუმცა, რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიას კანდიდატის კომპეტენციის შემოწმების მცდელობაც კი არ ჰქონია.
სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე - სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. საქმეში გამოიკვეთა რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადოდ შემოწმების პრობლემა, შეფასების კრიტერიუმების არარსებობა და დასაქმებულისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებაზე უარი, რაც სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ შრომის კანონმდებლობას", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
გადაწყვეტილება ამ დროისთვის არაა შესული კანონიერ ძალაში, რადგან მოპასუხეს აქვს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა.