ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელი ოფიციალურად ბრალდებულია - სამოქალაქო აქტივისტ იოსებ ბაბაევს პროკურატურის მიერ შედგენილი ბრალის დადგენილება იმავე პოლიციის განყოფილებაში გააცნეს, სადაც მას ზუსტად ერთი თვის წინ ძალოვნები სასტიკად გაუსწორდნენ.
ბაბევის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და აქტივისტის მანქანის ჩხრეკა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, კანონიერად ცნო.
ბაბაევს ბრალი 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა, რაც იარაღის უკანონო შეძენა- შენახვას გულისხმობს და დამტკიცების შემთხვევაში, 4-დამ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბრალის საფუძველი კი რამდენიმე სამართალდამცველის ჩვენება გახდა, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბაბაევი უკანონო იარაღით გადაადგილდებოდა, გააჩერეს, გაჩხრიკეს და ეს იარაღი ამოიღეს.
თუკი აქამდე საქმეში 2 იარაღი ფიგურირებდა, [მაკაროვი და კალაშნიკოვი], გორის სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც პოლიციის მიერ ჩატარებული ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ ცნო, ბაბაევს ახლა ერთი იარაღის უკანონოდ ფლობას ედავებიან. თავად ბაბაევის დაკავებას არ გამორიცხავს:
"ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რუსული ტერორი, არ უყვართ კრიტიკულად და პროევროპულად მოაზროვნე ადამიანები და უნდათ გააჩუმონ ნებისმიერი გზით. პისტოლეტი ჩაგიდეთ უკანონოდ და ავტომატი ჩაგიდეთ კანონიერადო, გასაგებად რომ გითხრათ ეგრეა. ავტომატს მედავებიან, რომელიც თვითონვე ჩადეს მანქანაში" ამბობს ბრალის წარდგენის შემდეგ, ბაბაევი.
ახლა პროკურატურამ გორის სასამართლოს აღკვეთის პროცედურაზე უნდა მიმართოს, სადაც გაირკვევა, შეუფარდებენ თუ არა წინასწარ პატიმრობას ბაბაევს.
იოსებ ბაბაევი 5 ივნისის ღამეს დააკავეს. პოლიციამ მას ჩასაფრება იმ ტერიტორიაზე მოუწყო, რომელიც სათვალთვალო კამერებით არ კონტროლდება. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, "მაკაროვი" და "კალაშნიკოვი" მანქანაში ბაბაევს პოლიციელებმა ჩაუდეს.