ისრაელი განიხილავს "ჰამასის" პასუხს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების ჯგუფმა მიიღო "ჰამასის" ბოლო წინადადება მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, კატარის, ეგვიპტისა და ამერიკელი შუამავლებისგან.

შუამავლები აგრძელებენ მუშაობას შეთანხმებაზე, რომელმაც შეიძლება დაასრულოს თითქმის ცხრათვიანი ბრძოლა ღაზის სექტორში.

"ისრაელი განიხილავს წინადადებას და შუამავლებს მის პასუხს მიაწვდის"- ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

Bloomberg-ის ცნობით, "ჰამასის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ პასუხი შეესაბამება "ჰამასის" ხანგრძლივ მოთხოვნებს ცეცხლის შეწყვეტის, ისრაელის ჯარების გაყვანისა და დევნილი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნების შესახებ.

ისრაელმა 27 მაისს წარადგინა თავისი წინადადება მძევლების გათავისუფლების შესახებ. 31 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელის შეთავაზება თითქმის იდენტური იყო "ჰამასის" მიერ გაკეთებული წინა შეთავაზებისა.

11 ივნისს "ჰამასმა" წარმოადგინა თავისი პასუხი ისრაელის წინადადებაზე, რომელიც აშშ-მა გააკრიტიკა ათობით შესწორების შეტანის გამო, მათ შორის მიბრუნება ისეთ პუნქტებზე, რომლებზეც "ჰამასი" უკვე შეთანმხებული იყო. 

მომდევნო კვირებში შუამავლები მუშაობდნენ "ჰამასის" ზოგიერთი მოთხოვნის მოხსნაზე, რასაც უახლესი წინადადება მოჰყვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი