ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს ელჩის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, სწორედ არჩევნებს უკავშირდებოდა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დიპლომატებმა და ქვეყნის პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რეალურად ვინ მართავს ქვეყანას და იძულებულები არიან სწორედ მისგან მიიღონ პასუხები ყველა კითხვაზე და გარანტიები მომავალ არჩევნებთნ დაკავშირებით.
მათივე შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნები არის დემოკრატიის ტესტი და უცხოელი პარტნიორები "ქართულ ოცნებას" აღარ აპატიებენ უხეშ ჩარევას როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე არჩევნების შედეგებში. მათივე თქმით, ყურდღება დასავლეთიდან გაორმაგებულია.
ივანიშვილი-დეგნანის შეხვედრის დეტალების შესახებ სავარაუდოდ არაფერი იციან უმრავლესობის წევრებმა. დეპუტატები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ხელისუფლებას თავის უმთავრეს პარტნიორთან მუდმივი კონსულტაციები აქვს.
ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან შეხვედრა ამერიკელმა დიპლომატმა დაადასტურა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. კელი დეგნანი ამბობს, რომ მისი, როგორც ელჩის მოვალეობაა საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდეს.