აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი", რომელიც 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადადო - განცხადებას შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვია "საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებმა შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ ისინი ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად და მონაწილეობა მიეღო გადატრიალების მცდელობებში".
"შეერთებული შტატების მთავრობამ დაადგინა, რომ საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ახლა შეუფერებელი დროა", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე, უწყება წერს, რომ "შეერთებული შტატები გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რადგან ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, დაიცვას სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა".
"ჩვენ ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ისეთ წვრთნებს ანიჭებენ, როგორიცაა "ღირსეული პარტნიორი". შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან თანამშრომობის მომავალ შესაძლებლობებს, მათ შორის AGILE SPIRIT-ს 2025 წელს", - წერს თავდაცვის დეპარტამენტი.