გიორგი გახარია დღეს, 16 სექტემბერს, საერთაშორისო პარტნიორებსა და მოქალაქეებს აჯერებდა, რომ ქვეყანა მსოფლიო კოვიდ-რუკაზე კვლავ მწვანე ზონად რჩება. თუმცა, გასულ კვირას, პრემიერმინისტრი და ქვეყნის პირველი ინფექციონისტები ყველას გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველომ უკვე ყვითელ ზონაში გადაინაცვლა.
პრემიერმინისტრის დღევანდელი განცხადებისა და მტკიცების, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს არ სჯერათ. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ გიორგი გახარია იტყუება და ფერებიც სწორედ ამიტომ აერია. კოვიდ-ობზერვერის რუკაზე ჩანს, რომ საქართველო, საერთაშორისო დაკვირვებით, უკვე ყვითელ ზონაშია.
კორონავირუსის პირველი ტალღისგან განსხვავებით, გამოვლენილი შემთხვევები გაათმაგებულია და დღითიდღე იზრდება. ხელისუფლება, რომელიც სავარაუდოდ მიხვდა, რომ პანიკა უარეს შედეგს მოიტანს, ახლა მოსახლეობას ამშვიდებს, მეორე მხრივ კი ეპიდ.სიტუაცია დღითი დღე რთულდება. დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდული - 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.