ახალი დეტალი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში - 23 წლის დაღუპული პროგრამისტის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, რომ მიაკვლიეს გზას, რომლითაც, დიდი ალბათობით, საკალმახე "ალგეთიდან" ავტომობილი სოფელ მაწევანის ტყეში მიიტანეს. ადვოკატებმა გოლთეთისა და ალგეთის ტერიტორია დაათვალიერეს და იპოვეს ალტერნატიული გზა ფარულად მისასვლელად, სადაც მანქანა გაივლიდა.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებაზე 13 სექტემბერს ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი ხუთდღიანი გაუჩინარების შემდეგ, სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, გოლთეთის ტერიტორიაზე, 22 ივლისს, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 8 სექტემბერს ოჯახის ადვოკატმა თქვა, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში დაღუპული ნახეს.