საქართველოს პრეზიდენტი რუსული კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. პრეზიდენტის წარმომადგენელი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს ხვდება, შეხვედრას ესწრება პოლიტიკოსი ეკა ბესელიაც.
100-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი სარჩელი მოამზადა, თავის მხრივ სარჩელი მოამზადა პრეზიდენტმაც. ზურაბიშვილის სარჩელით სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს დაარღვია თუ არა ხელისუფლებამ კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ქვეყნის "ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას" შეეხება.
დღეს მიმდინარეობს მსჯელობა სარჩელების გაერთიანებაზე, რადგან მსგავსი შინაარსის გამო სასამართლოში შეტანის შემდეგ შესაძლოა სარჩელები თავად საკონსტიტუციომ გააერთიანოს.
ჩვენთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტი 15 ივლისს, ორშაბათს აპირებს საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანოს.
"საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონის გასაჩივრება არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება და მისი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ის მაინც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, რომ იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული გამოუსწორებელი ზიანი რომელიც შეიძლება მიადგეს სექტემბერში ამ კანონის ამოქმედებას, შეაჩეროს სასამართლომ მისი მოქმედება, მხოლოდ პრეზიდენტს აქვს უფლება, განსხვავებით სამოქალაქო სექტორისგან, 78-ე მუხლი, რომელიც არის სპეციალური ჩანაწერი კონსტიტუციაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ამ მუხლით გასაჩივრდეს. ამ მუხლითაც გასაჩივრდება. ძალიან მალე გეცოდინებათ ამ სარჩელთან დაკავშირებით უფრო მეტი", - თქვა ეკა ბესელიამ.