ეზრა ზეია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება | შეხვედრის მთავარი თემა არჩევნები და მასზე დაკვირვება იქნება

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს. 

მთავარი თემები, რაზეც, სავარაუდოდ, ამერიკელი დიპლომატი მესამე სექტორთან ისაუბრებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, "ქართული ოცნების" ანტიდასავლური ქმედებები, რუსული კანონი და მედიის თავისუფლება იქნება. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, შეხვედრის მთავარი საკითხი იქნება ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა, იმ პირობებში, როდესაც რუსული კანონი უკვე ამოქმედებულია და შეუშლის თუ არა ის ხელს არჩევნებზე დაკვირვების პროცესს.

"ძალიან მალე ჩატარდება უკვე არჩევნები და საუბრის თემა იქნება, როგორ მიმდინარეობს ახალა პროცესი და სამზადისი. მათ შორის, რა თქმა უნდა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მდგომარეობა იმ ფონზე, როდესაც რუსული კანონი არის მიღებული, რამდენად შეგვიშლის ეს ჩვენ ხელს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ მუშაობაში ხელი შეგვეშლება, როგორ იმოქმედებს ეს ნეგატიურად საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ, ჩვენ ვისაუბრებთ დღეს არსებულ მდგომარეობაზე ქვეყანაში, მათ შორის, რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი თანამდებობის პირის ჩამოსვლა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის განგრძობად ინტერესზე საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერაში," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოები" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ. 

დღესვე, ეზრა ზეია საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძესაც შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილეს დაგეგმილი აქვს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი