პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დაინიცირდა. მისი ინიციატორი "ქართული ოცნებაა". ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და "სისხლის სამართლის კოდექსის" 66 მუხლს მოიცავს. გარდა ამისა 1/6-ით შემცირება 225 მუხლს შეეხება.
ამნისტია, სავარაუდოდ, არ შეეხება იმ პირებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დააკავეს.
"მე არ ვიცი ზუსტად რა მუხლებით, სისხლის სამართლებრივს ვგულისხმობ, იმიტომ რომ აქციებს რაც შეეხება იქ უმეტეს შემთხვევაში ადმინისტრაციული დარღვევები იყო და არ ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს ზოგადად, რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, თუ არ ვცდები ათამდე ადამიანი არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, რა მუხლები აქვთ წაყენებული სიმართლე გითხრათ ზეპირად არ ვიცი, თუმცა როგორც მე მახსოვს ის მუხლები რომლებიც არის ამ მუხლებს ეს ამნისტია არ ეხება", - თქვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ზოგადად ამნისტია ჰუმანური აქტია, თუმცა ფიქრობენ, რომ არჩევნების წინ ამნისტიას ხელისუფლება ხმების მოსაპოვებლად გამოიყენებს.
ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.