"უცებ ატყდა ხმაური და ყველა ყვიროდა დაწექით, 7-8 გასროლის ხმა გავიგე" | რას ყვებიან ტრამპზე თავდასხმის თვითმხილველები

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" ჩაწერა თვითმხილველები, რომლებიც 13 ივლისს, პენსილვანიაში, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან შეხვედრას ესწრებოდნენ. ტრამპი ქალაქ ბატლერში მის გამოსვლაზე შეკრებილ მხარდამჭერებს სცენიდან მიმართავდა, რა დროსაც მისი მიმართულებით გაისროლეს.

ტრამპის მხარდამჭერების ნაწილს არ სჯერა, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, თუმცა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ვერსიაა ესაა. გამოძიება ცდილობს დაადგინოს რა იყო მოტივი.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, საკმაოდ ახლოს იჯდა ტრიბუნასთან და რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო, ის ყვება, რომ თავდაპირველად შეკრებილები ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა, შემდეგ კი ქაოსი და პანიკა დაიწყო.

"მეორე რიგში ვიჯექი, ტრიბუნიდან ოდნავ მარცხნივ, მაგრამ ყოფილ პრეზიდენტს სახეში ვუყურებდი, უცებ ისეთი ხმა გავიგე, რომელიც ძალიან ჰგავდა ფეიერვერკის აფეთქებას, თავდაპირველად ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მეგონა ასე იყო დაგეგმილი, უცებ ატყდა ხმაური და ყველა ყვიროდა დაწექით, მოეფარეთ, საკუთარი თავის დაცვას ვცდილობდი და მეც რიგებს შორის გავწექი, დაახლოებით 7-8 გასროლის ხმა გავიგე, როდესაც ავიხედე რამდენიმე ადამიანის პერანგზე სისხლი დავინახე, მერე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, შემდეგ იქით გავიხედე სადაც პრეზიდენტი იდგა და სიტყვას წარმოთქვამდა, წამიერად მის სახეზე სისხლი შევნიშნე, შემდეგ მას დაცვა გადაეფარა და მალევე სცენიდან ჩამოიყვანეს, შოკისმომგვრელი იყო, მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ", - ყვება ლეონარდ ვერდეტო.

კიდევ ერთი თვითმხილველი, ჯესკონ ჩეტერი ყვება, რომ შეხვედრას ცოლთან ერთად ესწრებოდა, სცენიდან მარცხნივ იჯდა, როდესაც უკნიდან გასროლის ხმა გაიგო. 

"როდესაც მოვიხედე, რომ მენახა საიდან ისროდნენ, ვერ მოვასწარი, უცებ ქაოსი ატყდა, იმ დროისთვის არ ვიცოდით, რომ თავდამსხმელი სნაიპერის მიერ იყო განეიტრალებული", - ამბობს ის.

კაცი ვარაუდობს, რომ 20 წლის ბიჭი დავალებას სხვისგან იღებდა.

შეგახსენებთ, რომ სროლის შედეგად ტრამპს ყურის ზედა ნაწილი დაუზიანდა. დაიღუპა ღონიშზიების ერთი მონაწილე, ორი კი დაიჭრა. თავდამსხმელი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი