ლავროვს ნიუ-იორკში ჩასვლა ისევ გრძელი გზით მოუწია

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. 1 ივლისიდან რუსეთი, როტაციის წესით, ერთი თვით გახდა საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.

რუსული მედიის ცნობით, სერგეი ლავროვის ბორტმა მოსკოვიდან ნიუ-იორკამდე მანძილი ჩრდილოეთის მარშრუტით დაფარა და გვერდი აუარა "არამეგობრულ ქვეყნებს", რის გამოც 12 საათზე მეტხანს იფრინა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 16 ივლისს, ლავროვი გაეროს უშიშროების საბჭოში უხელმძღვანელებს დებატებს თემაზე, "მრავალმხრივი თანამშრომლობა უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და მდგრადი მსოფლიოსთვის", ხოლო 17 ივლისს მონაწილეობას მიიღებს სხდომაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციას ეძღვნება. ლავროვი გამართავს ორმხრივ შეხვედრებსაც.

რუსეთის საგარეო უწყების სანქცირებულ ხელმძღვანელს ნიუ-იორკში ჩასვლა მსგავსი გრძელი მარშრუტით უკვე მესამეჯერ მოუწია. რუსეთის "არამეგობრული ქვეყნების“ ნუსხაში ის ქვეყნები შედიან, რომლებმაც რუსეთს უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო სანქციები დაუწესეს და რუსულ თვითმფრინავებს აუკრძალეს თავიანთ საჰაერო სივრცეში მიმოსვლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი