რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა - ირკვევა, რომ კამპანიას ახალი მეთოდი აქვს, ცნობილი, მაღალი სანდოობის მქონე მედიაგამოცემების "გაყალბება", იმიტაცია და კრემლის ნარატივის ამ ფორმით გავრცელება.
რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორი აქტიურად მუშაობს. სწორედ ისინი აწვდიან META-ს ინფორმაციას იმ ყალბი გვერდებისა და ანგარიშების შესახებ, რომლებიც ამ დეზინფორმაციის გასავრცელებლად სპეციალურად არის შექმნილი.
არასამთავრობოების განცხადებით, რუსული დეზინფორმაციის სამიზნე მუდმივად არის უკრაინა, ასევე აქტიურად გამოიყენებოდა ეს მეთოდი საფრანგეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებითაც. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, სხვა ქვეყნების ხელისუფლებებისგან განსხვავებით, რომლებიც აქტიურად ებრძვიან რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას, საქართველოს ხელისუფლება ხშირად თავად დგას ამ დეზინფორმაციული პროპაგანდის უკან.
"შეიცვალა კონკრეტული მეთოდებიც, რასაც რუსეთი იყენებს როგორც საქართველოში ისე ევროპის ქვეყნებში, კონკრეტულად უკრაინის დისკრედიტაციისთვის. ერთი ასეთი მეთოდი რომელიც სხვადასხვა კვლევამ აჩვენა და ჩვენც ვმუშაობდით ამ მიმართულებით, არის ცნობილი მედიების სახელების გამოყენება და ამ გზით დეზინფორმაციის გავრცელება. არაერთი ასეთი შემთხვევა გამოვავლინეთ, მაგალითად, Deutsche Welle, USA TODAY, რადიო თავისუფლება და სხვა", - აცხადებს "მედიის განვითარების ფონდის" წარმომადგენელი მაიკო რატიანი.
"აი ფაქტის" წარმომადგენლის ია ასათიანის თქმით, მთავარი პროპაგანდისტული გზავნილები არის ის, რომ მოხდეს დასავლეთის ქვეყნების ნეგატიურ კონტექსტით წარმოჩენა და ამ ფონზე რუსეთი, როგორც ერთმორწმუნე მეზობელი გამოჩნდეს დადებითად.
არასამთავრობო სექტორი მოელის, რომ წინასაარჩევნოდ დეზინფორმაციის გავრცელება კიდევ უფრო გააქტიურდება და რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს გააძლიერებს.