დაკავებულია „მეთაური ყასაბი“ - 20 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც ამერიკული გამოძიების მასალების თანახმად „მანიაკალური მკვლელობების კულტს“ ხელმძღვანელობდა. წითელი ცირკულარით ძებნილი მიხეილ ჩხიკვიშვილი 6 ივლისს მოლდოვის პოლიციამ სტამბული-კიშინიოვის რეისზე დააკავა. კადრები თავად მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ნიუ იორკის აღმოსავლეთ ოლქის სასამართლოს მიერ მომზადებულ დაკავების მოთხოვნაში საქმის მასალებია გაშიფრული. აქვეა ე.წ. სქრინები ნეო-ნაცისტური ტელეგრამ არხებიდან, რომლებსაც უშუალოდ მიხეილ ჩხიკვიშვილი მართავდა და ციტატა მისი ავტორობით შექმნილი მანიფესტიდან, სათაურით „მოძულეთა სახელმძღვანელო.“
"მე ვარ მეთაური „ყასაბი“, ნაციონალ-სოციალისტი დაბადებიდან და MMC-ის კურატორი, ასევე ცნობილი როგორც „მანიაკალური მკვლელობის კულტი“. . . . შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ მომიკლავს თეთრი რასის გულისთვის და მსურს მეტი ქაოსი შემოვიტანო ამ დამპალ სამყაროში.
ეს წიგნი განკუთვნილია მკითხველებისთვის, რომლებიც არიან სასტიკი მეომრები ან მზად არიან გახდნენ ასეთები. . . .
ჩვენი მთავარი მიზანია გავავრცელოთ ლუციფერის ცეცხლი და გავაგრძელოთ მისი გზა ეთნიკურ წმენდაზე."
სწორედ ეთნიკური წმენდა იყო ჩხიკვიშვილის მოტივაცია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მისი მთავარი სამიზნე ბავშვები იყვნენ. ის წერდა, რომ საახალწლოდ სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმულს ებრაელი ბავშვებისთვის მოწამლული კანფეტები უნდა დაერიგებინა და მასობრივი მკვლელობა გამოეწვია. ტერაქტისთვის საუკეთესო ადგილად ნიუ იორკს მიიჩნევდა, ამერიკის საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით სწორედ ბრუკლინში ცხოვრობს ბრალდებულის ბებია, რომელთანაც ის სტუმრად ბოლო პერიოდში ორჯერ იყო ჩასული.
"2023 წლის ნოემბერში ჩხიკვიშვილმა დაიწყო მასობრივი თავდასხმის დაგეგმვა ნიუ-იორკში ახალი წლის ღამეს. სქემა მოიცავდა ინდივიდს, რომელიც სანტა კლაუსის ფორმას იცვამდა და რასობრივ უმცირესობებს საწამლავით გაჟღენთილ კანფეტებს ურიგებდა. სქემა ასევე მოიცავდა ბრუკლინის ებრაული სკოლების ბავშვებისთვის შხამიანი ტკბილეულის მიწოდებას."
ვრცელი საბრალდებო დასკვნა გამოაქვეყნა ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლოს კომისიამაც. დასკვნაში წერია, რომ მიხეილ ჩხიკვიშვილი მიმდევრებს მოუწოდებდა დაემზადებინათ ასაფეთქებელი მოწყობილობები, ჩაეცხრილათ მოსწავლეები სკოლებში, გაეუპატიურებინათ და მოეკლათ ქალები. მისი კულტის წევრობა კი მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვისაც სისხლი უკვე ჰქონდა დაღვრილი. დოკუმენტში ციტირებულია პროკურორის განცხადებაც.
"როგორც ნავარაუდევია, ბრალდებული ცდილობდა დაექირავებინა სხვები ძალადობრივი თავდასხმებისა და მკვლელობების ჩასადენად, მისი ნეონაცისტური იდეოლოგიების გასაძლიერებლად. მისი მიზანი იყო სიძულვილის, შიშისა და ნგრევის გავრცელება დაბომბვის, ცეცხლის წაკიდების წახალისებით და ბავშვების მოწამვლითაც კი, რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და უსახლკარო პირებისთვის ზიანის მიყენების მიზნით."
მიხეილ ჩხიკვიშვილი ამერიკის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლითაა გასამართლებული - ძალადობრივი დანაშაულისთვის მოწოდება, ძალადობრივი შეთქმულება, ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მუქარის შემცველი კომუნიკაცია. ჯამში ეს ოთხი მუხლი 50 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ჩხიკვიშვილის ოჯახი ამჟამად თბილისში არ იმყოფება. მეზობლები კი ამბობენ, რომ შოკისმომგვრელია ინფორმაცია, რადგან ჩხიკვიშვილის ბებია, რომელიც ამჟამად ბრუკლინში ცხოვრობს, ებრაელია.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი