ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლებიც ასახავს მის პოლიტიკის პროგრამას მომდევნო ხუთი წლისთვის, თუ იგი მეორე ვადით აირჩევა ევროკომისიის პრეზიდენტად.
როგორც Financial Times-ი წერს 31 გვერდიან დოკუმენტში 49-ჯერაა ნახსენები სიტყვა "ინვესტიცია", ევროკომისიის პრეზიდენტი მოუწოდებს ევროკავშირის მთავრობებს, რომლებიც ფულადი სახსრების ნაკლებობას უჩივიან, რომ თავდაცვის, მწვანე ტრანზიციისა და ციფრული საჭიროებების დასაფინანსებლად მეტი კერძო დაფინანსების განბლოკვა მოახდინონ.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ შექმნის ევროკომისრების ახალ პოსტებს, მათ შორის თავდაცვის, საბინაო, ევროკავშირის გაფართოებისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონისთვის (მიგრაციის დაძლევის უფლებამოსილებით).
სტატიაში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული თავდაცვის კომისარი შეეცდება სამხედრო ხარჯებისთვის რესურსები მოიზიდოს. კომისრის პოსტის შექმნას ევროკავშირის დედაქალაქები ლობირებენ რუსეთის ომის და იმის მზარდი ალბათობის გამო, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვებამ შეიძლება ევროპის უსაფრთხოებისადმი ვაშინგტონის ერთგულება შეამციროს.
ევროკომისიის შეთავაზებებში იქნება "საერთო ევროპული ინტერესის პროექტები", როგორიცაა საერთო ევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა და კიბერ დაცვა.
ფონ დერ ლაიენს, შვიდი შვილის დედას და პირველ ქალს, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს, ხუთშაბათს გასამართ კენჭისყრაზე ევროკავშირის 720 წევრიან პარლამენტში მინიმუმ 361 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
კენჭისყრა 13:00 საათზე შედგება, შედეგები კი, დაახლოებით 14:45 საათზე გამოცხადდება. ურსულა ფონ დერ ლაიენი თუ 361 ხმას ვერ მიიღებს, ევროკავშირის ლიდერებმა სხვა კანდიდატი უნდა წარადგინონ.