"ბრიუსელში არ უყვართ, როდესაც მათ ნამღერზე არ ცეკვავენ" | სიიარტო დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე

გამოქვეყნდა:

"ბრიუსელში არ უყვართ, როდესაც მათ ნამღერზე არ ცეკვავენ" - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უნგრეთში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ის ამბობს, რომ ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის პრეზიდენტობის დროს გააკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყონ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის წინსვლა. დარჩიაშვილმა უნგრეთს და პრემიერ ორბანს მადლობა გადაუხადა და გაიმეორა, რომ ევროკავშირი უსამართლოდ მოიქცა მაშინ, როცა სტატუსი ვერ მივიღეთ. რა თქმა უნდა, მას არ უსაუბრია იმ მიზეზებზე, რის გამოც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა.

"ევროკავშირი უნდა იყოს აბსოლუტურად ბედნიერი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ბრიუსელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა დარწმუნდეს, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი. რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ომის მომხრე პოლიტიკოსებს და ბრიუსელის ბიუროკრატებს სურთ, შეუძლებელი გახადონ საქართველოს წარმატებით ინტეგრაცია ევროპაში.

მსგავს დროს ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ არის ასე? პასუხია, რომ საქართველოს ჰყავს პატრიოტი მთავრობა, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც საკუთარი ერის ინტერესებს იცავს. საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც სურს წინააღმდეგობის გაწევა, სურს, ასევე წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოურ გავლენას და ამას საკმაოდ კარგად აკეთებს. მათ ასევე მიიღეს კანონი, რომელიც იცავს ამას. მათ ჰყავთ მთავრობა, რომელიც იცავს ოჯახებს, ტრადიციული ოჯახის მოდელს და მათ მიიღეს კანონი ამის შესახებ. ამიტომ ბრიუსელმა დააწესა პოლიტიკური და ფინანსური სასჯელი. ბრიუსელში არ უყვართ, როდესაც მათ ნამღერზე არ ცეკვავენ და თუ ვინმე წინააღმდეგობას უწევს ომსა და გენდერულ პროპაგანდას. [...]  თქვენ სწორ მიმართულებაზე ხართ. მომავალში უნგრეთის პრეზიდენტობა, უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა გაგიწევთ ყველანაირ მხარდაჭერას, რათა, საგარეო ზეწოლის მიუხედავად, შეინარჩუნოთ თქვენი სუვერენიტეტი და დააჩქაროთ ევროკავშირში ინტეგრაციისა და გაწევრიანების პროცესი", -  თქვა პიტერ სიიარტომ.

უნგრეთის პრემიერი ცოტა ხნის წინ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რასაც კიდევ ერთხელ მოჰყვა ევროკავშირის ქვეყნების კრიტიკა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი მხოლოდ უნგრეთია, თუმცა ყველამ იცის, რომ გადაწყვეტილებებს ბლოკი კონსენსუსით იღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი