ბრძოლა რუსული კანონის შესაჩერებლად და ქართული დემოკრატიის გადასარჩენად სამართლებრივ ველზე გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელი უკვე შევიდა, კიდევ ერთი კი უახლოეს დღეებში შევა.
რეპრესიული კანონის ყველა მუხლი პრობლემაა საქართველოს განვითარებისთვის და მისი დემოკრატიული მომავლისთვის. არანაკლების საფრთხეა ის რეპრესიული მექანიზმები რომელიც ძალაში სექტემბრიდან შედის და ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ნებისმიერი ორგანიზაცია გააჩეროს და სრული დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა შესასწავლად წაიღოს, იმის მიუხედავად, არის ეს ორგანიზაცია მედიასაშუალება, არასამთავრობო, თუ უბრალო კაფე, რომლის მფლობელი ოცნებისადმი ლოიალურად არ არის განწყობილი.
იმაზე, რომ რუსული კანონი დიქტატურის დამყარების პუტინისეული რეცეპტია და უნდა შეჩერდეს, 122 ორგანიზაციის სარჩელი დავობს, თუმცა კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე, რამდენადაც რუსულმა კანონმა ქვეყნის ევროინტეგრაცია შეაჩერა, უკვე პრეზიდენტის სარჩელი აპელირებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ ორგანიზაციის სახელით, სარჩელი დამოუკიდებლად შეაქვს “მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს.
ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე, რუსული კანონის შემოქმედი პარლამენტის წინააღმდეგ მხოლოდ პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელია დარეგისტრირებული. 122 არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას საკუთარი სარჩელი უკვე გადაგზავნილი აქვს, ხოლო “მთის ამბები” ამის გაკეთებას ამ კვირაში გეგმავს.
სარჩელები დღე-დღეზე გაიგზავნება სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.