"ესიზმრებათ ამბოხებები და გადატრიალებები" | უკრაინაში მებრძოლი ვეტერანები მაგისტრ მოსამართლესთან დაიკითხებიან

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს  გამოკითხვაზე მასობრივად იბარებს. ვეტერანები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებას მათი დასჯა რუსულ აგრესიასთან ბრძოლისა და თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სურს. სახელმწიფო სამსახურის შენობა უკვე დატოვა ვეტერანმა კონსტანტინე ჯღამაიამ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სუს-ის ნაცვლად მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხულიყო.

"მე ერთი და ბოლო არ ვარ ალბათ, ყველა იქნება ვინც უკრაინაში ვიბრძოდით. რა არის ცუდი იმაში სამშობლოს ინტერესებს რომ ვიცავთ?! აფხაზეთიდან ვარ, სოხუმელი მეომარი ვარ," - განაცხადა კონსტანტინე ჯღამაიამ.

ჯღამაიას უფლებადამცველი, ადვოკატი თორნიკე ჩიქოვანი ამბობს, რომ საქმე არის აღძრული 2 მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე (შეთქმულება ან ამბოხება) და 18-323-ე მუხლი (ტერორისტული აქტის მომზადება).

"საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო. ბატონმა კონსტანტინემ გადაწყვიტა, რომ ჩვენება აქ არ მიეცა და გამოკითხულიყო მაგისტრ მოსამართლესთან, რაც მისი კანონიერი უფლებაა. თავად უკავშირებს იმას, რომ იბრძვის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ." - აღნიშნა ადვოკატმა.

მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე აპირებს კითხვებზე პასუხის გაცემას კიდევ ერთი ვეტერანი ბესო ბენდელიანი, მიზეზად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ უნდობლობას ასახელებს.

"შენობას რომელშიც როგორც ჩანს პერიოდულად ნახულობენ რაღაც აბდაუბდა სიზმრებს, ესიზმრებათ ამბოხებები, გადატრიალებები და ასე შემდეგ, რაც სასაცილოა. 3 ათეულ წელზე მეტია საქართველოს ბევრი პატრიოტი მოქალაქე იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. მე კითხვებს პასუხს მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაბარების შემდეგ გავცემ, რადგან მე პირადად ამ უწყების არანაირი ნდობა არ გამაჩნია," - განაცხადა ბესო ბენდელიანმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი