ჩხუბი და სროლა რუსთავში -"ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები პოლიციას დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდების 2 ჯგუფს შორის ქუჩური გარჩევა რუსთავში მე-4 სკოლის ეზოში მოხდა. სიტყვიერ შელაპარაკებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბის დროს ადგილობრივებმა სროლის ხმაც გაიგეს.

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 40-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს დაუპირისპირდა პოლიცია მალევე მივიდა. აგრესიულად განწყობილი რამდენიმე მოზარდი კი სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილა. 

ამის შემდეგ სიტუაცია გართულდა და ახალგაზრდებმა პოლიციელებს ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცავებს იარაღის გამოყენება და ჰაერში რამდენჯერმე გასროლა დასჭირდათ.

ადგილზე სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, თუმცა მძიმედ არავინ დაშავებულა.

პოლიციამ ჩხუბის 40-მდე მონაწილიდან, მხოლოდ ორი პირი დააკავა. ორივე მათგანი 2001 წელს დაბადებული პირია- ნუკრი უშარიძე და ბესიკ ბიბილაევი. 

ჩხუბი 2 დაჯგუფებას შორის მეგობარი გოგოს გამო დაიწყო, თუმცა პოლიციის ჩარევით ინციდენტი არ ამოწურულა. წყარო "მთავარ არხს" უყვება, რომ ქუჩურ გარჩევაში მონაწილე პირებს მათთვის ავტორიტეტულმა ადამიანებმა ერთმანეთთან 3 მეტრის რადიუსზე მიახლოება აუკრძალეს. 

ვინ არიან საქმის გარჩევაში ჩართული პირები და ვინ ითავსებს რუსთავში პოლიციის ფუნქციას, არავინ იცის.

გავრცელებული ინფორმაციით პოლიციელებზე ძალადობაში ეჭვმიტანილი ორივე პირი "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ფრთის წევრია. 

"ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე "მთავარს" ოფისში არ დახვდა, ადგილზე შეკრებილ ახალგაზრდებს კი ტერიტორია ჩვენი გამოჩენისთანავე უკანა კარიდან დაატოვებინეს. 

რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც ოცნების ოფისიდან სასწრაფოდ  გაიყვანეს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩური გარჩევის საქმეზე მუშაობისას შევნიშნეთ. 

რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები ოპოზიციიდან, დარწმუნებულები არიან, რომ  ქვეყანაში მთავარი არა პოლიციელები, არამედ კრიმინალური ავტორიტეტები არიან, რომლებსაც ოცნება არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე ე.წ მაყურებლებად იყენებს. 

ჩხუბის მონაწილეების უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები არიან. ორ დაკავებულს ბრალად პოლიციის მიმართ ძალადობა და წინააღმდეგობის გაწევა ედება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი