დაირღვა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, სასამართლო ცდილობს ჩაერიოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში | კომისიის ყოფილი წევრები

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის მიერ შექმნილი კომისიის უკვე ყოფილი წევრები ეხმაურებიან  სასამართლოს მიერ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერებას.

 მათი განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება დროებით შეაჩერა, არის "ძალიან პრობლემური, სერიოზული საფრთხის შემცველი". გარდა ამისა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 5 თვის ვადით პრეზიდენტს ეკრძალება ახალი კონკურსის, ან სხვა ნებისმიერი ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვა წევრის დანიშვნა. 

"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ლელა ფოლადაშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა 52-ე მუხლით გარანტირებულ საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში - დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი. 

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ ასევე უგულებელყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანაწესი, რომელიც არ ავრცელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებას პრეზიდენტის საქმიანობაზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ემსახურება კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესებს და ამ გზით სასამართლო ცდილობს უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში. 

აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, რომ ამ გზით სასამართლომ ფაქტობრივად თვითნებურად აღიჭურვა თავი გააკონტროლოს, თუ ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ არა", - აცხადებენ კომისიაში.

გარდა ამისა, მოსამართლემ იმავე განჩინებით, საქმის განსახილველად განსაზღვრული ზოგადი 2-თვიანი ვადა გაახანგრძლივა 5 თვემდე, რაც კომისიის ყოფილი წევრების აზრით, აჩენს პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს პარალიზების რისკებს. 

"აღნიშნული გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა.  აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს და მის ეფექტიანობას, არამედ ამით მთლიანად მართლმსაჯულების მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა კიდევ უფრო ზიანდება და მცირდება", - აცხადებენ კომისიის ყოფილი წევრები.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი