კახა წიქარიშვილი, რომელიც პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნა, სასამართლომ კი გადაწყვეტილება შეაჩერა, სამართლებრივ დავას აპირებს. მან სასამართლოს ოფიციალური განცხადებით განჩინების მოთხოვნასთან დაკავშირებით დღეს მიმართა. გარდა ამისა, წიქარიშვილს სჭირდება მხარედ იყოს ჩართული აღნიშნულ დავაში, რადგან მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელით, მოპასუხე პრეზიდენტია. კაკოჩაშვილი თავადაც მონაწილეობდა პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.
წიქარიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა არსებობდა შეთანხმება, ან წევრობის ერთ-ერთი კანდიდატის (კოკოჩაშვილის) და სასამართლო კლანის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა.
"ჩემი მოღვაწეობის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი უკავშირდება ამ კლანთან ჭიდილს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის სისტემის რეაქცია ჩემთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე შეიძლება ის ვთქვათ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების ძალიან მოკლე ვადა წარმოშობს იმის ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა მოსამართლის დაინტერესებას და თვითონ გადაწყვეტილებასაც აქვს ძალიან ბევრი საეჭვო ექსპერტები, რომლებსაც შევისწავლი. შეიძლება არსებობდა შეთანხმება, ან შეიძლება კანდიდატმა შემოიტანა განცხადება და დაემთხვა მისი და კლანის ინტერესები ერთმანეთს", - ამბობს კახა წიქარიშვილი.
22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი. მოსამართლემ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და გარდა ამისა, 5 თვის ვადით პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის, ან სხვა ნებისმიერი ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვა წევრის დანიშვნა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება 15 ივლისს გამოსცა.