"მთავარი არხისთვის პირველი არ არის, რაც ხდება. ეს არის სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვა" | ნიკა გვარამია ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის შეზღუდვაზე

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მიერ კრიტიკულ მედიაზე დაწყებულ შეტევის ახალ ტალღას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ეხმიანებიან და ამბობენ, რომ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა და მედიაორგანიზაციების წნეხის ქვეშ მოქცევა "ქართული ოცნების" ხელწერად იქცა. 

პარტია "ახალის" თანათავმჯდომარის და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ის რაც ხდება არის სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვა და კრიტიკული ტელეკომპანიის დახურვის მცდელობა. 

"მთავარი არხისთვის" პირველი არ არის რაც ხდება. მარეგულირებელი კომისია არის ჩვეულებრივი ცენზორი და პოლიტიკური ორგანო, ბიძინა ივანიშვილის, რომლითაც ის მედიას სჯის. სავსებით ცხადია, რომ ის რაც მოახსნევინეს, ის კლიპი, არის სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვა და არა პოლიტიკური ანტირეკლამა. 

რაც შეეხება "TV პირველს" ეს უკვე ნამდვილად ახალი სიტყვაა ქართულ  მედია შევიწროებაში. ის რაც ხდება "TV პირველთან" დაკავშირებით, არის მცდელობა, იმედი მაქვს წარუმატებელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტიკული ტელეკომპანიის დახურვის. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ძალიან მკაფიო რეაქცია, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის. ეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის მძიმე პასუხისმგებლობის დაკისრება კრიტიკული ორგანიზაციისთვის. მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამხელს ხელისუფლებას," - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ "მთავარ არხს" ვიდეოკოლაჟის, რომლითაც  არხი საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელს რუსული კანონის მიმღები დეპუტატების შესახებ აწვდის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ ამოღება მოსთხოვა. 

"მთავარ არხთან" ერთად ხელისუფლების სამიზნე გახდა "TV პირველიც". თბილისის მერი  "TV პირველის" წინააღმდეგ აღსრულების ბიუროს მიმართავს. კახა კალაძე  სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას მოითხოვს.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიაც და განაცხადა, რომ მმართველი პარტია რუსულ სტრატეგიას იყენებს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი