"ოცნების" მმართველობის დროს უწყებიდან გაგდებული მაღალჩინოსანი პოლიციაში დააბრუნეს | ვინ დგას გოჩა ჟღენტის უკან

გამოქვეყნდა:

რეჟიმი შინაგან საქმეთა სამინისტროში აბრუნებს კადრს, რომელიც უწყებიდან მათივე მმართველობის დროს, არსებული ინფორმაციით, "პოლიციის მუნდირისთვის შეუფერებელი და ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო" გაუშვეს.

გიყვებით გოჩა ჟღენტზე, რომელიც გურიაში სუფსის განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის პოზიციაზე დააბრუნეს. ჩვენი რესპონდენტების ინფორმაციით, სამინისტროს რიგებიდან გაგდებული მაღალჩინოსნის პოლიციაში დაბრუნების უკან ივანიშვილის ოჯახი, კერძოდ ბიძინა ივანიშვილის ძმა - ადიკო ივანიშვილი დგას.

გოჩა ჟღენტი სამართალდამცავ უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა, მათ შორის წინა ხელისუფლების დროსაც და როგორც ირკვევა, არც მაშინ იყო პოლიციელის მუნდირის და ღირსების განსაკუთრებული დამცველი. მუშაობა 2012 წლის შემდეგაც გააგრძელა, ჯერ ლანჩხუთის პოლიციის უფროსი იყო,  2015 წელს კი ოზურგეთის სამმართველოს უფროსად დანიშნეს. იქ მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა. სამსახურიდან გათავისუფლების ზუსტი მიზეზი უცნობია,  მაგრამ ვიცით რომ უწყებიდან გენ. ინსპექციის გადაწყვეტილების გამო გააგდეს. მისი გვარი ბევრ უკანონობაში ფიგურირებდა, ერთ-ერთი ასეთია სუფსელი გოჩა ბურძგლას საქმე.

შეკითხვა ბევრია, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გოჩა ჟღენტს არ სურს. რამდენიმე დღიანი მცდელობა, რომ სუფსის პოლიციის დეტექტივ-გამომძიებელს შევხვედროდით, უშედეგო აღმოჩნდა. 

"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი 25 ივლისს სუფსის პოლიციაში გოჩა ჟღენტის მოსაძებნად მივიდა. მაშინვე ყველასთვის ცხადი გახდა რა რეპორტაჟის მომზადებას ვაპირებდით. სცადეს ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაეგდოთ. ლადო მენაბდესა და ოპერატორ მანუჩარ მჟავანაძეს პროვოკატორები მიუგზავნეს. სუფსის ცენტრში მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა ვასიკო და ალეკო იმედაშვილებმა მიაყენეს. ისინი სუფსის გამგეობის თანამშრომლები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი