"პოლიტიკის გადახედვა მიმდინარეობს, მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ქმედებები" | პატელი საქართველოზე

გამოქვეყნდა:

"პოლიტიკის გადახედვა მიმდინარეობს, მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ქმედებები", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი საუბრობს და საქართველოს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას ეხმაურება.

"დღეს დილით სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას, რაც ითვალისწინებდა სარგებელს საქართველოს მთავრობისთვის. აშშ-ი ამ ნაბიჯს დგამს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებთან.

უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის თითქმის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებით მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ, აშორებს ქვეყანას მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებიდან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას უცხოური გავლენის კანონისა და სხვა პრობლემური კანონმდებლობის გაუქმებით, დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისა და არჩევნების, მათ შორის, წინასაარჩევნო სეზონის გამჭვირვალედ ჩატარების ვალდებულებით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეუფერხებელი მუშაობით.

ჩვენი ორმხრივი კავშირები ახლა გამორჩეულ რთულ მომენტშია, შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი ხალხისადმი და მათი მისწრაფებები აბსოლუტურად მდგრადია, ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამებსა და აქტივობებს მხარდაჭერას, რომლებიც სასარგებლო იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერებით დავეხმარებით დამოუკიდებელ მედიას და ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ განვითარებას. პოლიტიკის გადახედვა ახლა მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ განვახორციელოთ ნებისმიერი დამატებითი და შესაბამისი ქმედება, როგორც ეს საჭირო იქნება. ზოგიერთ შემთხვევაში დახმარების პროგრამები შეიძლება შეიცვალოს, რათა რესურსები გადამისამართდეს კონკრეტულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე", - აცხადებს პატელი. [ფორმულა]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი